ესპანელი ჩოგბურთელის, რაფაელ ნადალის ბიძისა და ყოფილი მწვრთნელის, ტონი ნადალის განცხადებით, 37 წლის სპორტსმენი კორტზე 2024 წლის დასაწყისში, ავსტრალიის ღია პირველობაზე დაბრუნდება.
ნადალმა ბარძაყის კუნთის ტრავმა 2023 წელს, სწორედ ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშისას მიიღო და მას შემდეგ სპორტს ჩამოშორდა. ესპანელმა რამდენჯერმე სცადა ვარჯიშის დაწყება, თუმცა ტკივილი ამის საშუალებას არ აძლევდა.
გულშემატკივრებისთვის მტკივნეული იყო ნადალის არყოფნა თიხის ტურნირებზე, განსაკუთრებით საფრანგეთის ღია პირველობაზე, რომელიც მას 14-ჯერ აქვს მოგებული.
„ნადალი თავს უკეთ გრძნობს. თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, მას 2024 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ვიხილავთ“, – განაცხადა ტონი ნადალმა.
ესპანელ ჩოგბურთელს კარიერის მანძილზე 22 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული და მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს ჩამორჩება, რომელმაც 24 დიდ სლემს მოუყარა თავი.