დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი აშშ-ღიას მამაკაცთა ტურნირზე. ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა ესპანელმა რაფაელ ნადალმა, რომელმაც ორი საათი და 47 წუთი ბრძოლის შემდეგ 6:4, 7:5, 6:2 გაიმარჯვა არგენტინელი დიეგო შვარცმანის წინააღმდეგ.
მსოფლიოს მეორე ჩოგანს უფრო იოლად შეეძლო მოგება, მაგრამ შვარცმანმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა პირველ ორ სეტში. პირველ პარტიას ის 0:4-ს აგებდა და 4:4 გახადა ანგარიში, მეორე სეტში ჩამორჩენა 1:5 იყო და არგეტინელმა ისევ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო. თუმცა, ორივე ჯერზე ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, ნადალი მიჯრით ორ გეიმს იგებდა და სეტი მას რჩებოდა. მესამე პარტიაში ესპანელმა იოლად მოიგო და ზედიზედ მერვე მეოთხედფინალი აშშ-ის ღიაზე თავის სასარგებლოდ დაასრულა.
ნადალის მეტოქე ნახევარფინალში იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება, რომელმაც ხუთსეტიანი თრილერში მოუგო ფრანგ გაელ მონფილს – 3:6, 6:3, 6:2, 3:6, 7:6(5). შეხვედრა თითქმის ოთხი საათი გაგრძელდა.
ბერეტინი მხოლოდ მეორე იტალიელია ამერიკის ღია პირველობის ისტორიაში, ვინც ამ ტურნირის ნახევარფინალამდე მიაღწია. პირველად ეს 1977 წელს შეძლო კორადო ბარაცუტომ.