მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განაცხადი შეიტანა მონტე კარლოს „მასტერსში“ მონაწილეობაზე, რომელიც 8 აპრილს დაიწყება.
იმის შესახებ, რომ 36 წლის ჩოგბურთელი მონაწილეობას მიიღებდა ტურნირში, „მასტერსის“ დირექტორმა დევიდ მესმა განაცხადა.
„არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, მე მას დავადასტურებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.
ვაგრძელებ აღდგენის კურსს და ჯერ არ ვიცი, კიდევ როდის შევძლებ თამაშს. ეს არის სიმართლე. ფიზიკური დატვირთვების გაზრდის ფაზაში ვიმყოფები. მე რომ ვიცოდე, როდის დავბრუნდები კორტზე, ვიტყოდი ამას, მაგრამ არ ვიცი“, – განაცხადა ნადალმა.
მიმდინარე სეზონში „დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონმა ოთხი მატჩი ჩაატარა და სამი წააგო. ამ მომენტისთვის ის მე-13 ადგილზეა რეიტინგში.