მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი 34 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით, ATP-ის ოფიციალურმა გვერდმა ლეგენდარული ჩოგბურთელის 34 მნიშვნელოვანი სტატისტიკური ფაქტი გაიხსენა.
34 – რაფაელ ნადალს კარიერაში მეტოქის მოწოდებაზე გეიმების 34 პროცენტი აქვს მოგებული.
33 – ამ ასაკში მან 2019 წელი მსოფლიოს პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა, რაც ახალი ასაკობრივი რეკორდი გახდა.
32 – 2008 წლის ჰამბურგის „მასტერსიდან” 2008 წლის ცინცინატის “მასტერსამდე” 32-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, რაც მისი კარიერის რეკორდია.
31 – ამდენი მატჩი ჰქონდა მოგებული ზედიზედ როლან გაროსზე, სანამ 2009 წელს, ამ ტურნირზე პირველად არ დამარცხდა.
30 – რაფაელ ნადალი 30 წლის იყო, როცა 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ესპანეთის ნაკრების მედროშე გახდა.
29 – ამ ასაკში რაფამ მშობლიურ მალიორკაზე საკუთარი საჩოგბურთო აკადემია გახსნა.
28 – რაფაელ ნადალის 28-ე ტიტული 2008 წელს, კარიერაში უიმბლდონის პირველ მოგებას დაემთხვა.
27 – ნადალს „დიდი სლემის” 27 ფინალი (19 მოგება – 8 წაგება) აქვს ნათამაშები.
26 – ნადალმა 26 მატჩი მოუგო როლან გაროსზე TOP10-ის ჩოგბურთელებს.
25 – რაფას კარიერაში 25 “მასტერსი” აქვს მოგებული გრუნტის კორტებზე.
24 – გამარჯვებების რაოდენობა როჯერ ფედერერის წინააღმდეგ (24 მოგება – 16 წაგება).
23 – ნადალმა 23 წლის ასაკში დააგროვა „დიდი სლემის” ტურნირებზე 100 მოგება. საიუბილეო გამარჯვება მან 2010 წლის როლან გაროსზე მოიპოვა. დღეისთვის, “დიდ სლემზე” მისი სტატისტიკაა: 275 მოგება და 39 მარცხი.
22 – ნადალი 22 წლის ასაკში პირველად გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი – 2008 წლის 18 აგვისტოს.
21 – კარიერაში ATP 500-ის კატეგორიის ტურნირებზე გამარჯვებების რაოდენობა.
20 – ოცი მატჩი აქვს მოგებული კარიერაში მსოფლიოს პირველი ნომრების წინააღმდეგ. პირველად ეს 2004 წელს გააკეთა, როცა 17 წლისამ მაიამის „მასტერსზე” როჯერ ფედერერს მოუგო.
19 – „დიდი სლემის” 19 ტიტული.
18 – ამ ასაკში პირველად მოხვდა ATP-ის რეიტინგის ტოპ-ათეულში, კერძოდ, 2005 წლის 25 აპრილს.
17 – როლან გაროსზე 17 სეტი აქვს მოგებული „მშრალი” ანგარიშით.
16 – ამდენი წელი გავიდა მისი პირველი ტიტულის მოგებიდან – 2004 წელს, სოპოტში.
15 – რაფაელ ნადალმა 15 წლის ასაკში მოიგო თავისი პირველი მატჩი პროფესიულ ტურში – ეს მოხდა 2002 წელს, მალიორკაზე, როცა რაფამ მსოფლიოს 81-ე ჩოგანს რამონ დელგადოს სძლია/ზედიზედ 15 წელია სეზონს ტოპ-ათეულის მოთამაშის რანგში ასრულებს.
14 – ამდენჯერ დაასრულა სეზონი რეიტინგის ტოპ-ხუთეულში.
13 – ნადალმა და ჯოკოვიჩმა „მასტერსების” ფინალში 13-ჯერ ითამაშეს.
12 – როლან გაროსზე მოპოვებული ტიტულების რაოდენობა.
11 – 2005 წელს ნადალმა 11 ტიტული მოიგო, რაც მისი კარიერის რეკორდია.
10 – ნადალს ათი მოგება აკლია იმისთვის, რომ კარიერაში 1000 მოგება დაუგროვდეს და შეუერთდეს ჩოგბურთის ლეგენდებს – ჯიმი კონორსს (1 274), როჯერ ფედერერსა (1 242) და ივან ლენდლს (1 068).
9 – ნადალი ცხრაჯერ იყო სეზონის ლიდერი მეტოქის გეიმების მოგების პროცენტული მაჩვენებლით.
8 – ზედიზედ მოგებული ტიტულების რაოდენობა მონტე კარლოს „მასტერსზე” (2005-2012).
7 – 2005 წელს გრუნტის კორტებზე შვიდი ტიტული მოიგო – ეს კარიერის რეკორდია.
6 – ამდენჯერ ჰყავს დამარცხებული ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსზე.
5 – კარიერაში ხუთჯერ დაასრულა წელი პირველი ჩოგანის რანგში.
4 – ჩოგბურთის თამაში ოთხი წლის ასაკში დაიწყო თავისი ბიძის ტონი ნადალის ხელმძღვანელობით.
3 – „დიდი სლემის” სამი ტურნირი მოიგო ისე, რომ სეტი არ წაუგია – 2008, 2010 და 2017 წლებში როლან გაროსზე.
2 – მხოლოდ ორი მატჩი წააგო როლან გაროსზე. მოგებული აქვს 93.
1 – ჯამში 209 კვირის განმავლობაში იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი.