რაფაელ ლეაოს „მილანიდან“ წასვლა არ სურს და მზადაა, ახალი კონტრაქტი გააფორმოს #1TVSPORT
„მილანის“ პორტუგალიელ ვარსკვლავს, რაფაელ ლეაოს იტალიურ გუნდში დარჩენა სურს და მზადაა, ახალი კონტრაქტის თაობაზე კლუბთან მოლაპარაკებები დაიწყოს, – ინფორმაციას გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა გარემარბის მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი“ და ლონდონის „ჩელსი“ გამოთქვამენ, თუმცა ლეაოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კარიერა „მილანში“ გააგრძელოს.
„როსონერის“ ხელმძღვანელობაც თანახმაა, ლეაოსთან ახალი სამუშაო ხელშეკრულება გააფორმოს და ხელფასის სახით მას სეზონში შვიდი მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა მოლაპარაკებებს ერთი დეტალი აფერხებს. 2018 წელს ლეაომ ლისაბონის „სპორტინგთან“ კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა და კლუბისთვის 20 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი. ახლა პორტუგალიელის წარმომადგენლები ცდილობენ, აღნიშნული თანხის გადახდაზე „მილანი“ დაითანხმონ, თუმცა იტალიურ გრანდს ამის გაკეთება არ სურს.
ამჟამინდელი ხელშეკრულება სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ლომბარდიელებთან 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. იტალიის ჩემპიონატში 2022/23 წელს ლეაომ 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.