რაფა ნადალმა ოპერაცია გადაიტანა
რაფა ნადალმა ოპერაცია გადაიტანა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მარჯვენა ფეხის კოჭის არეში ოპერაცია გადაიტანა. ამის შესახებ განაცხადა ქირურგმა ანხელ რუისმა. მისი სიტყვებით, ქირურგიული ჩარევა 35 წუთი გრძელდებოდა.

„რაფა ნადალმა გადაიტანა კოჭზე უცხო სხეულის მოშორების ოპერაცია“, – განუცხადა ექიმმა რადიო „კადენა სერს“ (Cadena Ser). – „ამის გამო, მას არ შეეძლო ნორმალურად გადაადგილება. გადავწყვიტეთ, ეს პრობლემა ახლავე მოგვეგვარებინა, რათა შემდეგი სეზონი ოპტიმალურ მდგომარეობაში დაეწყო. ნადალს ქრონიკული ტრავმები აქვს, რაც თავის ნეგატიურ როლს თამაშობს. ყოველ წელს მას ძალიან ბევრი მატჩის ჩატარება უწევს და ამ სეზონში ქრონიკულმა დაზიანებებმა გართულებები გამოიწვია“.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, რაფაელ ნადალი ვერ ითამაშებს წლის შემაჯამებელ ტურნირში, რომელიც 11 ნოემბერს იწყება ლონდონში.