რადიო „ნაპოლის“ წამყვანი - კვარაცხელია მეტოქის დონის აწევასთან ერთად უფრო ფეთქდება #1TVSPORT
ცნობილმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ „ნაპოლის“ პარტნიორ რადიო Napoli Goal-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის საინტერესო თვისება გამოარჩია.
„კვარაცხელიას უცნაური თვისება შევნიშნე. როგორც კი მეტოქის დონე იწევს, ის უკეთესი ხდება. მან ორი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, როდესაც საქართველოს ნაკრები ძლიერ მეტოქეებს შეხვდა – შვედეთსა და ესპანეთს, და თანაგუნდელების საერთო დონეც აამაღლა. იმედი მაქვს „ნაპოლიშიც“ იგივე მოხდება, ამიტომ ასეთ მატჩებში მას არანაირი შიში არ აქვს, პირიქით – უფრო ფეთქდება. ჩვენს შემთხვევაში ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – ამბობს პაოლო დელ ჯენიო.
პაოლო დელ ჯენიო რიგითი იტალიელი ჟურნალისტი არ არის. ნეაპოლში დაბადებული თანამშრომლობდა Tele A-სთან და Canale 21-თან. 1990 წლიდან ის ხელმძღვანელობს „სპორტ 90“-ს „კანალ 10“-ზე, ხოლო 1992 წლიდან „ტელე კაპრის“ სპორტის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. 12 წლის განმავლობაში იყო „ნაპოლის“ მატჩების კორესპონდენტი და კომენტატორი სხვადასხვა რადიოსადგურში. 2000 წელს გადავიდა „კანალ 8“-ში, სადაც გადაცემის წამყვანია. 2013 წლიდან არის ონლაინგაზეთ 100x100napoli.it-ის მთავარი რედაქტორი. ამჟამად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით „ნაპოლის“ პარტნიორ რადიო Napoli Goal-ზე გადაცემას უძღვება.
კვრაცახელიაზე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „სპეციასთან“ გასვლაზე მოგებული (0:3) მატჩის შემდეგ:
„ინსინიე მიდის, მაგრამ კლუბმა ისეთი მოთამაშის ტრანფერისთვის ბრძოლა მოიგო, როგორიც კვარაცხელიაა – ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი მახასიათებლები აქვს. ის ჩვენს ლიგაში უნდა ვნახოთ“.