რადას დეპუტატი მარიანა ბეზუგლა - ისეთი ვითარებაა, თუ სამხედრო ხელმძღვანელობა 2024 წლისთვის ვერანაირ ინიციატივას ვერ მოგვაწვდის, ისინი უნდა წავიდნენ
ახლა ისეთი ვითარებაა, თუ სამხედრო ხელმძღვანელობა 2024 წლისთვის ვერანაირ ინიციატივას ვერ მოგვაწვდის, მაშინ ისინი უნდა წავიდნენ, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიანა ბეზუგლა სოციალურ ქსელში წერს.
ბეზუგლა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ვერ შეძლო, რადასთვის 2024 წლის გეგმა წარედგინა. მისივე თქმით, სამხედროებმა მხოლოდ ყოველთვიურად, მინიმუმ, 20 000 მოქალაქის წაყვანის საჭიროებაზე გააკეთეს აქცენტი, ხოლო დანარჩენი შეკითხვები უპასუხოდ დარჩა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა 2024 წლის გეგმა ვერ წარმოადგინა – არც დიდი და არც პატარა, არც ასიმეტრიული და არც სიმეტრიული. სამხედროებმა უბრალოდ თქვეს, რომ თვეში, მინიმუმ, 20 000 მოქალაქის წაყვანა სჭირდებოდათ. Ამ პრობლემამ თავი ზაფხულში იჩინა, როგორც შტაბში, ასევე პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. ვკითხეთ, რა უნდა დავგეგმოთ? როგორ აწარმოებთ ომს? რატომ შევქმნათ ბრიგადები და არ შევავსოთ უკვე არსებული? რა დაჯდება ახალი ბრიგადა? ეს ახალი შტაბები საბრძოლო ნაწილებთან არის დაკავშირებული? ან როტაციისა და დემობილიზაციისთვის თანხები უნდა გამოიყოს? რა ხდება სწავლებასთან დაკავშირებით? რა ხდება როტაციებთან დაკავშირებით? რატომ არ არის გათვალისწინებული, მაგალითად, ტურნიკეტების შეძენა 2024 წელს? გესმით, რომ ერთი მკვდარი ადამიანი სახელმწიფოს 15 მილიონი გრივნა უჯდება, ხოლო CAT-ის ტიპის ტურნიკეტი ათი ათასჯერ ნაკლები ღირს? სიკვდილზე, როგორც ტრაგედიაზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს დისკუსია არასაჯარო იყო, მაგრამ დაძაბულობა იზრდებოდა და ახლა ისეთი ვითარებაა, რომ თუ სამხედრო ხელმძღვანელობა 2024 წლისთვის ვერანაირ იდეას ვერ მოიფიქრებს და ყველა მათი წინადადება მობილიზაციის შესახებ დაემყარება იმას, რომ მეტი ადამიანია საჭირო, ყოველგვარი წინადადების გარეშე შეიარაღებული ძალების სისტემაში ცვლილების შესახებ, მაშინ ეს მენეჯმენტი უნდა წავიდეს“, – წერს მარიანა ბეზუგლა „ფეისბუქზე“.