რა შედეგს მოგვიტანს ერთა ლიგის ჯგუფის მოგება - ციფრები და სტატისტიკა #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტარი 2:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ითამაშებს.
ამით „ჯვაროსნებმა“ ერთდროულად რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს წინ. სექტემბერში ორი მოგებით ფიფა-ს რეიტინგში 82-ე ადგილზე მყოფი საქართველოს ნაკრების რეიტინგს აუცილებლად გააუმჯობესებს. ფიფა-ს ახალი სისტემით, ერთა ლიგაზე მოგება 15 ქულით ფასდება და სექტემბერში მოპოვებული 30 ქულით, შესაძლოა, გუნდმა შვიდადგილიანი ნახტომი გააკეთოს და 75-ე პოზიციაზე დაწინაურდეს.
70 გუნდში მოხვედრა კი მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ დიდ ბრიტანეთის შრომის სამინსიტრო ფიფა-ს რეიტინგში 70 ადგილზე დაბლა მყოფი ქვეყნის ფეხბურთელებზე სამუშაო ვიზას არ გასცემს იშვიათი გამონაკლისის გარდა. ამის გამო ვერ ითამაშა ლაშა დვალმა „რედინგში“ მიუხედავად გაფორმებული კონტრაქტისა, ხოლო გიორგი ლორიას „ბირმინგემთან“ შეთანხმებული კონტრაქტი ამავე მიზეზით აღარ გაუოფიციალურეს.
C4 ჯგუფის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დაწინაურდა და 16 ქულით ერთა ლიგის C დივიზიონის საუკეთესო გუნდი გახდა. საქართველომ 6 მატჩში 16 ქულა დააგროვა და გათამაშება ბურთების კარგი ბალანსით (+13) დაასრულა. მეორეზე თურქეთია – 13 ქულა (ბურთების ბალანსი +13), მესამეზე ყაზახეთი (2), ხოლო საბერძნეთი (12 ქულა, ბურთების ბალანსი +6) ხვალ ჩრდილოეთ ირლანდიას მიიღებს, მაგრამ „ჯვაროსნებს“ვეღარ გადაასწრებს, რადგან ელინები მაქსიმუმ 15 ქულას თუ დააგროვებენ.
ამ სტატუსით „ჯვაროსნები“ ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალს მასპინძლის რანგში ჩაატარებენ – ვისთან, ეს საბერძნეთი-ჩრდილოეთ ირლანდიის შედეგზეა დამოკიდებული. მანამდე კი არც ერთი მეტოქის გამორიცხვა არ შეიძლება.
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით გუნდმა არსებობის ისტორიაში ჯგუფური ეტაპი მეორედ მოიგო. ფრაგი მწვრთნელი რეკორდსმენი გახდა – გუნდმა არსებობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა. მანამდე ათმატჩიანი სერია თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით 2010 წელს ჩაატარა.
გიბრალტართან საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ეროვნულ გუნდში მე-100 მატჩი ითამაშა, რომელიც საქართველოს ნაკრებში 2009 წლიდან გამოდის. ამ მაჩვენებლით 35 წლის გამოცდილი მცველი გაუთანაბრდება ლევან კობიაშვილსა და ჯაბა კანკავას.