რა პირობით შეუძლიათ გულშემატკივრებს საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასწრება - ბილეთები ხვალიდან გაიყიდება #1TVSPORT
რა პირობით შეუძლიათ გულშემატკივრებს საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასწრება - ბილეთები ხვალიდან გაიყიდება #1TVSPORT

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 სექტემბერს საქართველო-საბერძნეთის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.

საბჭომ სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაუშვა. მაგრამ ქვეყანაში არსებული Covid 19-ის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული პირობებია შესასრულებელი.

1. სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება.

2. სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

3. შესასვლელთან გულშემატკივარმა უნდა წარმოადგინოს: მატჩის ბილეთი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი/ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი/ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.

აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

საქართველო-საბერძნეთი მატჩის, ბილეთების გაყიდვა, 6 ოქტომბერს დღის 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5, 15 და 25 ლარია. ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა.

სფფ გულშემატკივრებს მოუწოდებს, მატჩის მასპინძელ სტადიონზე დროულად მობრძანდნენ. სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან. სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის დაპირისპირება 9 ოქტომბერს „ბათუმი არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.