რა მოხდა ლესტერში? - ლესტერის მფლობელის ვერტმფრენის დაღუპვის დეტალები
„ლესტერსა“ და „ვესტ ჰემს“ შორის პრემიერლიგის მეათე ტურის მატჩის შემდეგ, „კინგ პაუერის“ სტადიონის მინდვრიდან ვერტმფრენი აფრინდა, რომელიც „ლესტერის“ მფლობელს ვიშაი შრივადანაპრაბჰეს ეკუთვნოდა. ის სტადიონს გადააფრინდა და შემდეგ არენის გვერდით მდებარე პარკინგზე ჩამოვარდა. როგორც BBC წერს, პილოტმა მართვა დაკარგა, რის გამოც ვერტმფრენი მიწაზე დაეცა და აფეთქდა. ინციდენტის ადგილას ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული, მაგრამ ცნობილია, რომ ვიშაი „ლესტერის“ ყოველი საშინაო მატჩის შემდეგ, არენიდან თავისი ვერტმფრენით მიფრინავდა. რამდენიმე წლინ წინ, ეს ინგლისში ბევრს უკვირდა, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ყველა მიეჩვია.
SkySports-ის რეპორტიორმა რობ დორსეტმა, რომელიც ავიაკატასტროფის დროს სტადიონზე იმყოფებოდა, მოწმეები გამოკითხა. მათი თქმით, მატჩის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ, არენაზე ტრადიციულად გამოჩნდა ვერტმფრენი, დაეშვა მინდორზე, ისევ აფრინდა და ჩამოვარდა სტადიონიდან 100 მეტრის დაშორებით არსებულ პარკინგზე. არსებობს ინფორმაცია, რომ ვერტმფრენს პრობლემა კუდის ფრთებზე შეექმნა.
ვინ არის „ლესტერის“ მფლობელი? ვიშაი შრივადანაპრაბჰა – ტაილანდელი ბიზნესმენია, ფლობს მაღაზიების ქსელს, სახელწოდებით „კინგ პაუერი“. მისი ქონება შეფასებულია 4.9 მილიარდ დოლარად. ვიშაიმ „ლესტერი“ 2011 წლის ზამთარში შეიძინა. სწორედ მის დროს, ინგლისურმა კლუბმა პრემიერლიგის ტიტული მოიპოვა 2015-16 წლების სეზონში.
როგორ Sky იტყობინება, ყოველი მატჩის დასრულების შემდეგ, ბიზნესმენის ვერტმრენს „ლესტერის“ ხელმძღვანელობის დაახლოებით 20 წარმომადგენელი მიყავდა.