რა ჯადოსნური ღამეა - კვარაცხელია სერია A-ში გოლი+პასი სისტემით მე-2 ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების (გოლი+პასი სისტემით) დავაში მეორე ადგილზე დაწინაურდა და მხოლოდ თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს ჩამორჩება.
სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.
„ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ამ მატჩში ერთი გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 14 ეფექტური ქმედება დაუგროვდა – 7 გოლი, 7 საგოლე პასი.
ამგვარად, ხვიჩა მიმდინარე გათამაშებაში გოლი+პასის სისტემით მეორე ადგილზე დაწინაურდა და მხოლოდ თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს ჩამორჩება, რომელმაც 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა „იუვენტუსთან“ მატჩში დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა, რომელიც ხვიჩამ გოლად გარდასახა.
„რა ჯადოსნური ღამეა!“ – ხვიჩა, ტრადიციულად, ლაკონურად გამოეხმაურა „ინსტაგრამზე“ „იუვენტუსთან“ წარმატებას და გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ტურინელებთან გატანილ გოლს ზეიმობს.
მე-18 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს 47 ქულით ლიდერობს, „იუვენტუსსა“ და „მილანს“ (ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს) 10 ქულით ასწრებს.