რა დააშავა „იუვენტუსმა“ - სერია A-ს გრანდის მორიგი კრახის დეტალები #1TVSPORT
რა დააშავა „იუვენტუსმა“ - სერია A-ს გრანდის მორიგი კრახის დეტალები #1TVSPORT

იტალიურ ფეხბურთში მორიგი სკანდალია და მასში ისევ გარეულია „იუვენტუსი“. იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას და, შესაბამისად, სერია A-ს გრანდს 15 ქულა ჩამოაკლეს, რითიც გუნდი გათამაშების ცხრილში მესამედან მეათე ადგილამდე დაეშვა. ჩემპიონობაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია, რადგან ტურინელები პირველ ადგილს 25 ქულით ჩამორჩებიან, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ზონას, დარჩენილ 20 ტურში 12 ქულის გაბათილება შესაძლებელია.

სასჯელის ოფიციალური ფორმულირება ასეთია – „ფიქტიური კაპიტალური ნამატი“. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „იუვენტუსმა“ მოაწყო ფინანსური მაქინაციები, რათა შეენახა თავისი მაშინდელი მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო.

ახლა კი უფრო დაწვრილებით სკანდალის შესახებ.

ნოემბრის ბოლოს „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით გადადგა. თანამდებობები დატოვეს: პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ, ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა, გენერალური დირექტორმა მაურიციო არივაბენემ და დირექტორთა საბჭოს კიდევ შვიდმა წევრმა.

ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება უკავშირდება კლუბის მიმართ ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე დაწყებულ გამოძიებას. 2020 წელს „იუვენტუსის“ 23-მა ფეხბურთელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ოთხი თვით ხელფასის შემცირების შესახებ, რათა დახმარებოდა კლუბს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, „იუვენტუსმა“ მოიტყუა. რეალურად, ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი თვით შეიმცირეს ხელფასები, დანარჩენ სამ თვეში კი სალაროს გვერდის ავლით კონვერტებით მიიღეს თანხა.

იტყობინებიან, რომ კრიშტიანო რონალდომ, რომელიც „იუვენტუსში“ 2018-2021 წლებში თამაშობდა, კლუბთან საიდუმლო კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, იღებდა დამატებით ხელფასსა და ბონუსებს. გასაგებად რომ ვთქვათ, ანიელის რონალდოსთვის ფული კონვერტით მიჰქონდა, რაც კლუბს საშუალებას აძლევდა, თავი აერიდენია გადასახადებისთვის და გაეყალბებინა ფინანსური ანგარიში.

რონალდოსა და „იუვენტუსს“ შორის საიდუმლო გარიგების ფაქტი დამტკიცებულია: გაზეთმა La Stampa-მ გამოაქვეყნა „იუვენტუსის“ იურისტის, ჩეზარე გაბაზიოსა და კლუბის დირექტორის, ფედერიკო კერუბინის სატელეფონო საუბარი.

„რონალდოსთან საიდუმლო გარიგების შესახებ არავინ უნდა შეიტყოს, რადგან თუ ეს მოხდება, ისინი ყელში გვეცემიან, დაიწყება აუდიტები და მსგავსი ამბები“, – ამბობდა კერუბინი.

გამოძიების ფარგლებში ტურინის პროკურორმა კრიშტიანო რონალდოსგან მოითხოვა „იუვენტუსში“ მისი ხელფასის ოდენობის გამხელა. პორტუგალიელმა, რომელმაც, სავარაუდოდ, კლუბისგან 20 მილიონი ევრო „შავი“ ფული მიიღო, არ ისურვა პროკურატურასთან თანამშრომლობა.

ამჟამად საქმე განიხილება მხოლოდ სამოქალაქო სასამართლოში, ასე რომ, გუნდს სერია B-ში დაქვეითება არ ემუქრება.

საერთო ჯამში, „იუვენტუსის“ საქმე ოთხ მუხლს მოიცავს. დარღვევა ეხება ციფრებით თამაშსა და კაპიტალურ ნამატს. „იუვენტუსი“ თამაშობდა ამორტიზაციით (ფეხბურთელის გაყიდვით მიღებული შემოსავალი ანგარიშში მაშინვე და სრულად ფიქსირდება, ფეხბურთელის შეძენისთვის დახარჯული ფული კი ნაწილდება კონტრაქტის მთელ ვადაზე) და ურთიერთგაცვლებით გენერირებდა არარსებულ მოგებას. კერძოდ, კლუბი ქმნიდა ჯანსაღი აქტივის ილუზიას, სანამ ანიელი რეალურ ფულს საბაზრო მექანიზმებში აბანდებდა – ლაპარაკია 700 მილიონ ევროზე ბოლო წლებში.

კაპიტალურმა ნამატმა საშუალება მისცა ტურინელებს, გადაელახათ კორონაკრიზისი და გაესწორებინათ ბალანსი, რომელიც კრიშტიანო რონალდოს ხელფასმა აურია. კლუბი ხარჯავდა მეტს, ვიდრე გამოიმუშავებდა. მაგრამ ისე აჩვენებდა, რომ საქმე პირიქით იყო.

2022 წლის ოქტომბერში პროკურატურამ ანიელის დაპატიმრება და მისი ყველა ფულადი აქტივის დაყადაღება მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. შემდეგ მოსამართლეს კიდევ ერთხელ მიმართეს ამგვარი თხოვნით, მაგრამ ისევ უშედეგოდ: მან მიიჩნია, რომ კაპიტალური ნამატი – გავრცელებული პრაქტიკაა ფეხბურთში, პანდემია კი შემამსუბუქებელ გარემოებად მონათლა.

ასე რომ, „იუვენტუსმა“ მხოლოდ იანვარში დაკარგა ქულები. აქციონერებმა უკვე დაამტკიცეს დირექტორთა ახალი საბჭო. ეს ჯგუფი თითქმის მთლიანად ეკონომისტებისა და აუდიტორებისგან შედგება – პროფესიონალებისგან, რომლებიც კლუბის გაჯანსაღებას მიჰყოფენ ხელს.

რა სასჯელი მიიღეს ხელმძღვანელებმა, რომლებიც ამას აკეთებდნენ? მათ გასული წლის ბოლოს დატოვეს თანამდებობები, თუმცა დისკვალიფიკაცია მაინც შეეხოთ.

ანდრეა ანიელი, პრეზიდენტი – 2 წელი

მაურიციო არივაბენე, გენერალური დირექტორი – 2 წელი

პაველ ნედვედი, ვიცე-პრეზიდენტი – 8 წელი

ფაბიო პარატიჩი, აღმასრულებელი დირექტორი – 2.5 წელი

გარდა ამისა, 16-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო მოქმედმა სპორტულმა დირექტორმა ფედერიკო კერუბინიმ.

მოგვიანებით, „იუვენტუსმა“ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ის კლუბზე დაწესებული სანქციების გასაჩივრებას აპირებს.

„ველოდებით მიზეზების გამოქვეყნებას და სპორტული იუსტიციის კოდექსის ფარგლებში მივმართავთ სპორტული გარანტიების კოლეგიას“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს „იუვენტუსი“ სერია B-ში დააქვეითეს სკანდალური „მოჯიგეიტის“ გამო: მაშინ ტურინული კლუბი მსაჯების მოსყიდვაზე ჩავარდა. ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებით დაკავებული იყო მაშინდელი გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი. რომელსაც მოგვიანებით 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.