ბოლო წლებში, მას მერე, რაც ფიფა-სა და უეფა-ს მზრუნველობის ქვეშ მოექცა, ფუტსალმა დიდი პოპულარობა შეიძინა.
ფუტსალი ცნობილია როგორც დარბაზის ფეხბურთი — საფეხბურთო სახეობა, რომელსაც თამაშობენ პატარა მოედანზე, გუნდში 5 მოთამაშეა, მათგან 1 — მეკარე. მატჩი შედგება ორი 20-წუთიანი ტაიმისგან. ფუტსალში თამაშგარე მდგომარეობა არ ფიქსირდება.
სახელწოდება მომდინარეობს პორტუგალიური სიტყვიდან Futebol de Salão-დან (ფუტბოლ დე სალაუ), რომელიც ითარგმნება როგორც „დარბაზის ფეხბურთი“.
1985 წელს მადრიდში, ამ სახეობის მსოფლიოს მეორე ჩემპიონატზე, ესპანური სახელწოდება fútbol sala გამოიყენეს. იმ ჩემპიონატიდან მოყოლებული, თამაშის ყველა სხვა ოფიციალური დასახელება შეიცვალა ფუტსალით.
სპორტის ეს სახეობა ურუგვაისა და ბრაზილიაში 1930-იან წლებში წარმოიშვა. ბრაზილიაში ფუტსალს უფრო მეტი ადამიანი თამაშობდა, ვიდრე ფეხბურთს, თუმცა ფუტსალს გულშემატკივრები გაცილებით ნაკლები ჰყავდა. ბრაზილიაში რამდენიმე მოთამაშემ სპორტული კარიერა ფუტსალიდან დიდ ფეხბურთში გააგრძელა.
ფუტსალში ჩემპიონატები ყველა კონტინენტზე იმართება. ევროპის ჩემპიონატი 1996 წლიდან ტარდება. დღემდე 11 ევროპირველობა გაიმართა და 7-ჯერ ჩემპიონი ესპანეთი გახდა.
2022 წლის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს, რომელიც დღეს დაიწყება, ოთხი დებიუტანტი ჰყავს. მათ შორისაა ვენი გუნდი: ბოსნია-ჰერცეგოვინა, სლოვაკეთი, საქართველო და ფინეთი.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ.