ქვიშის რაგბი | ვერცხლი ევროპის ჩემპიონატიდან
ქვიშის რაგბი | ვერცხლი ევროპის ჩემპიონატიდან

საქართველოს ქვიშის რაგბის მამაკაცთა ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი ვერც ამჯერად მოიგო და შინ ვერცხლის მედლებით ბრუნდება.

ტურნირი წელსაც მოსკოვში გაიმართა. 27 ივლისს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა და სადებიუტო მატჩში ლატვიამ ანგარიშით 5:3 იმარჯვა, შემდეგ მოლდოვა ანგარიშით 9:2 დავამარცხეთ, დღის დასკვნითი თამაში კი იტალიასთან ანგარიშით 2:5 დავთმეთ.

რეგლამენტის თანახმად, პირველი დღე საკვალიფიკაციო იყო და მეორე დღეს რვავე მონაწილე გუნდი პლეიოფში ჩაერთო. 1/4-ფინალში მამაკაცთა ნაკრები ხორვატებს შეხვდა და ანგარიშით 6:4 მოგებით თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ნაცნობი იტალია ელოდა. ამჯერად ჩვენმა გუნდმა უფრო მობილიზებულად ითამაშა და პირველ ტაიმში 3 ლელო გაიტანა, თუმცა მსაჯმა ერთი ლელო იმის გამო გაგვიუქმა, რომ ბურთიანი მორაგბე ლელოში 2 წამზე მეტხანს გაჩერდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშით 3:1 მაინც დავწინაურდით, იტალიელებმა მოახერხეს გარდატეხის შეტანა და გაწითლებულ დროზე ანგარიში 4:4 იყო, თუმცა ქართველებმა ბოლო შეტევა ლელოთი დაასრულეს და დაძაბულ მატჩში ანგარიშით 5:4 იმარჯვეს.

ფინალში მასპინძელ რუსეთს შევხვდით, რომელიც 3 ლელოთი მალევე დაწინაურდა, თუმცა შესვენებამდე სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა მოვახერხეთ. ორი ლელო მეორე ტაიმშიც გავიტანეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მასპინძლებმა ანგარიშით 7:4 მოიგეს და საქართველო 2018 წლის მსგავსად, ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

ჩვენმა მამაკაცთა ნაკრებმა მოსკოვში ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

გიორგი შკინინი, იოანე ხელაია, თორნიკე მანაგაძე, ირაკლი გეგენავა, გიორგი ნათელაშვილი, დავით ჩიტიძე, დაჩი კოპაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ნიკა სუხაშვილი, თორნიკე კიკნაძე, ვანო ბერიკაშვილი, ჯაბა კიკვაძე.

მწვრთნელი: გიორგი ქოპილაშვილი

პირველ დღეს ორი თამაში დათმო და ერთი მოიგო ქალთა ქვიშის რაგბის ნაკრებმაც – ანგარიშებით, ლატვიასთან 2:8, იტალიასთან 1:9 და ბელარუსთან 5:2.

მეორე დღეს, თასის 1/4-ფინალში ესპანეთს ორჯერ ვუგებდით, თუმცა საბოლოოდ მეტოქემ 4:2 იმარჯვა. მე-5 ადგილის ნახევარფინალში გოგონები ანგარიშით 2:0 უგებდნენ ხორვატიას, შემდეგ მდევრის როლში აღმოჩნდნენ, თუმცა გაწითლებულ დროზე ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ – 4:4. სამწუხაროდ, დამატებით დროში ოქროს ლელო ხორვატებმა გაიტანეს და საქართველოს მე-7 ადგილისთვის მოუწია თამაში, სადაც ბელარუსთან ანგარიშით 5:0 დავწინაურდით, საბოლოოდ კი ანგარიშით 5:4 გავიმარჯვეთ.

ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: სალომე მაკასარაშვილი, ნიკოლ გალუზინსკაია, მარიამ გოგუაძე, თიკა სიხარულიძე, თეონა ჩიტაიშვილი, რუსუდან რუსიშვილი, ანა რურუა, ანა კაპანაძე, ლიკა ხუფენია, ლიკა პერტაია, მარიამ გუგუჩია, ნათია პატაშური.