2016 წელს ისლანდიის ნაკრებმა საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე სენსაციით მთელი მსოფლიო გააოცა. ლარს ლაგერბეკის გუნდმა ინგლისის ნაკრები 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრით ისლანდია მთელ საფეხბურთო სამყაროს შეუყვარდა. არც თუ ისე ხელსაყრელი კლიმატის მქონე ქვეყანამ 300 ათასზე ოდნავ მეტი მოსახლეობით შეძლო დაემტკიცებინა, რომ ფეხბურთში წარმატების მიღწევა გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავადაც შესაძლებელია.
ისლანდიის ჩრდილოეთით დედამიწის უდიდესი კუნძული გრენლანდიაა. დანიას ეკუთვნის და აქაც თამაშობენ ფეხბურთს. გრენლანდიას ჰყავს ეროვნული ნაკრები, მაგრამ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ მონაწილეობს. რატომ უგულებელყოფს ფიფა კუნძულ სახელმწიფოს, რომელიც ფიზიკური გეოგრაფიის თვალსაზრისით ჩრდილოეთ ამერიკას ეკუთვნის, პოლიტიკურად – ევროპას?
რატომ არ იღებენ ფიფა-ში
გრენლანდიაში დაახლოებით 56 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ასეთი მცირე მოსახლეობა განპირობებულია იმით, რომ გრენლანდიის უმეტესი ნაწილი მყინვარებითაა დაფარული. ხალხი ცხოვრობს მხოლოდ დასავლეთ სანაპიროზე, სადაც მდებარეობს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი ნუუკი.
1971 წელს კუნძულზე დაარსდა საფეხბურთო ასოციაცია, რომელიც ორგანიზებას უწევდა მამაკაცთა და ქალთა ჩემპიონატებს. პარალელურად შეიკრიბა გრენლანდიის ნაკრები, სადაც 2000-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა დანიის, თურქეთისა და ჰაიტის ნაკრებების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზეპ პიონტეკი.
გრენლანდიის კლიმატი მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში ფეხბურთის თამაშის საშუალებას არ აძლევს. კუნძულზე ბალახი არ არის, ამიტომ არის მხოლოდ ხელოვნური და ქვიშიანი ფეხბურთის მოედნები. სწორედ ამ მიზეზით ფიფა გრენლანდიას ორგანიზაციის წევრად არ იღებს. ამდენად, ქვეყანა ვერ მონაწილეობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების კვალიფიკაციაში, თუმცა ძალიან სურთ.
დანიელები ეხმარებიან
ფიფა-ს წევრობის მიღებაში მათ დახმარებას ცდილობენ დანიელები, რომლის კუთვნილმა ფარერის კუნძულებმა ჯერ კიდევ 1988 წელს მოახერხა ორგანიზაციის წევრობის მოპოვება და მას შემდეგ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების კვალიფიკაციაში რეგულარულად ასპარეზობს.
მაგრამ გრენლანდიასთან დაკავშირებით ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა. უეფა-ს წესდებაში არის პუნქტი, სადაც ნათქვამია, რომ ეროვნული ნაკრების მიერ წარმოდგენილი ტერიტორიის დამოუკიდებლობა გაერო-მ უნდა აღიაროს. გრენლანდიისთვის ახლა უფრო ადვილია CONCACAF-ში (ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების საფეხბურთო კონფედერაცია, სადაც ასევე გაწევრიანებულია სამი სამხრეთ ამერიკული ქვეყანა – გაიანა, სურინამი და გვიანა) გადასვლა, მაგრამ კუნძულს ევროპულ გუნდებთან თამაში სურს. ჯერ კი გრენლანდიელები სხვა კუნძულოვან სახელმწიფოებთან და ავტონომიებთან თამაშობენ.
2010 წლიდან გრენლანდიაში ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედნები დააგეს. პარალელურად, ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი პირადად გაფრინდა ქალაქ კუკორტოკში, რათა კუნძულზე პირველი ხელოვნური მოედნები გაეხსნა. დროთა განმავლობაში სტადიონები სულ უფრო და უფრო მეტი ხდებოდა და ახლა მათი რიცხვი 12-ს მიაღწია. ბევრი მათგანი აისბერგებთან ან კლდეებთან ახლოს მდებარეობს.
ერთკვირიანი ჩემპიონატი
ჩემპიონატი სამ ეტაპად მიმდინარეობს და აგვისტოს დასაწყისში მხოლოდ ერთი კვირა გრძელდება. ჯერ ერთი ქალაქის კლუბები თამაშობენ ერთმანეთს, შემდეგ ერთი და იმავე რეგიონის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ მესამე ეტაპი მიმდინარეობს წინასწარ შერჩეულ ქალაქში, სადაც რვა უძლიერესი კლუბი იკრიბება.
გრენლანდიის ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია „ბ 67“ დედაქალაქ ნუუკიდან (13-გზის ჩემპიონია). საინტერესოა, რომ კუნძულზე გუნდების სახელს ერთ ასომდე ამცირებენ და დაარსების წელიწადს უმატებენ.
თამაში ქვიშის მოედნებზე
2010 წლამდე კუნძულზე ჩემპიონატი ქვიშიან მინდვრებზე იმართებოდა, რადგან ხელოვნური საერთოდ არ იყო. ასეთ საფარზე მოთამაშეები ჩიოდნენ.
„ზოგჯერ მოედანზე დიდი ქვები იყო, ამიტომ თამაში ძალიან მტკივნეული გახლდათ“, – აღიარა „ბ-67“-ის კაპიტანმა იოჰანეს გროთმა The Red Bulletin-თან ინტერვიუში.
„მტვერიც ხელს გვიშლიდა. ჩვენ შეგნებულად მოვრწყეთ ქვიშა, მაგრამ ეს არ დაგვეხმარა – ბურთი არაპროგნოზირებადი მიმართულებით მოძრაობდა”, – იხსენებს გროტის პარტნიორი პატრიკ ფრედერიკსენი.
ჩემპიონატის მესამე ეტაპი წინასწარ შერჩეულ ქალაქში ხელოვნურ მოედანზე მიმდინარეობს. როგორც წესი, ახალი საფარი კარგი ხარისხისაა, მაგრამ არ არის გასახდელი და ტრიბუნები. თამაშის დაწყებამდე მოთამაშეები კარზე ტილოს აფარებენ, რათა ტანსაცმელი გამოიცვალონ. გულშემატკივრები კი ტრიბუნებზე არ სხედან, არამედ კლდეებზე. ამიტომ, ბილეთების გაყიდვაზე საუბარიც ზედმეტია.
გრენლანდია მაინც აგრძელებს თავისი ოცნებისკენ სვლას. შესაძლოა, უახლოეს მომავალში ეროვნული ნაკრები ვიხილოთ რომელიმე დიდი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე.