მსოფლიო პირველობის მეოთხე ეტაპი ქვიშის ჭიდაობაში წინა ეტაპების მსგავსად, ისევ საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ქართველმა მოჭიდავეებმა საბერძნეთის ქალაქ კატერინში გამართულ შეჯიბრებაზე, ოთხივე წონით კატეგორიაში მედალი მოიპოვეს და საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ოთხი წონიდან სამში ჩემპიონი ქართველი გახდა. 70 კილოგრამში ლევან ქელეხსაშვილი, 80-ში – ნიკა კენჭაძე, ხოლო +90-ში – მამუკა კორძაია.
90 კილოგრამში კი კვარცხლბეკზე ორი ქართველი ავიდა. დავით ხუციშვილი მეორეზე, დავით ფირუზაშვილი კი მესამე ადგილზე გავიდა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 115 ქულა მოაგროვა და 60 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ აზერბაიჯანს.
საქართველოს დელეგაციაში სპორტსმენებისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯემალ კილაძის გარდა იყო მსაჯი რუსლან დარსანია. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქვიშის სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე.