ქვილითაიას გადაყვანა „არისს“ სურს - ქართველ თავდამსხმელს უკეთეს პირობებს სთავაზობენ #1TVSPOR T
გიორგი ქვილითაიას, რომელიც აპოელ-ის შემადგენლობაში კვიპროსის ჩემპიონი გახდა, ლიმასოლის „არისი“ იწვევს და ამჟამინდელ კლუბზე ბევრად უფრო სოლიდურ კონტრაქტს სთავაზობს – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა ავრცელებს.
„კვიპროსის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გასვლის შემდეგ „არისის“ ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება გადაწყვიტა. ერთ-ერთი პირველი, ვისი ტრანსფერიც გუნდის მწვრთნელს, ალექსეი სპილევსკის სურს, გიორგი ქვილითაიაა, რომელსაც ლიმასოლელები უკვე დაუკავშირდნენ.
ბელარუსი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ქვილითაია გუნდს გააძლიერებს, რადგან მსგავსი თვისებების მქონე მოთამაშე „არისს“ ამჟამად არ ჰყავს. ქართველი ფეხბურთელი ძლიერია თავით თამაშის დროს და შეტევების განვითარებაც შეუძლია, ლიმასოლის გუნდს სწორედ ასეთი ტიპის მოთამაშე სჭირდება და ქვილითაის შესაძენად ქმედით ნაბიჯებს, სავარაუდოდ, მალე გადადგამს.
მოვლენები, შესაძლოა, სწრაფად განვითარდეს. მართალია, უახლესი ინფორმაციით, აპოელ-ი ქართველს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და კლუბის ხელმძღვანელობას საკითხის დროული მოგვარება დასჭირდება, რადგან ქვილითაიას „არისი“ ბევრად უფრო კარგ პირობებს სთავაზობს“, – ამტკიცებს კვიპროსული გამოცემა.