ქვილითაიამ ქართველების გადაყვანაში მონაწილეობა უარყო - ეს მე კი არა, „აპოელმა“ მოახერხა #1TVSPORT
კვიპროსული ტელეკომპანიის კითხვაზე, უბიძგა თუ არა ქვილითაიამ თანამემამულეებს გაჰყოლოდნენ მას ნიქოზიას „აპოელში“, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა საკუთარი ინიციატივა კატეგორიულად გამორიცხა.
„როდესაც გუნდთან კონტრაქტს ხელი მოვაწერე, 15 წუთის შემდეგ იგივე გააკეთა ოქრიაშვილმა. იმიტომ, რომ მას „აპოელში“ პერსპექტივა მოეწონა. მერე იგივე დაუშვილმა გააკეთა. ეს იყო არა ჩემი, არამედ მათი გადაწყვეტილება. როგორც კი „აპოელი“ მათ დაუკავშირდა და შემდეგ აზრი მკითხეს, ვუთხარი, წამოდით-მეთქი. მიხარია, რომ თამაშს ერთად ვაგრძელებთ”, – ამბობს გიორგი ქვილითაია.
28 წლის თავდამსხმელმა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა.
„ჩემთვის კარიერის „აპოელში“ გაგრძელება რთული სულაც არ იყო. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს გუნდი ყოველწლიურად ტიტულებისთვის იბრძვის. „აპოელს“ გააჩნია ძალიან მაღალი სტანდარტები. როდესაც ვესაუბრე პრეზიდენტს და მწვრთნელს, მათ მითხრეს, რომ მიზნად მხოლოდ მოგებას ისახავენ და ტიტულების მოგება სურთ. ჩვენ ახალ სეზონში შეგვიძლია ახალი ტიტულები მოვიგოთ და დიდი საქმეები გავაკეთოთ“.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ სამმა ქართველმა დატოვა – გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილმა და მურთაზ დაუშვილმა. სამივე ნიქოზიას „აპოელში“ გადავიდნენ.