ქვილითაიამ პენალტი გააფუჭა - „აპოელმა“ სახლში ვერ მოიგო #1TVSPORT
ქვილითაიამ პენალტი გააფუჭა - „აპოელმა“ სახლში ვერ მოიგო #1TVSPORT

წარუმატებელი გამოდგა კვიპროსის ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა „აპოელისთვის“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელია. ნიქოზიელებმა ფინალური ეტაპის პირველ ტურში „არისს“ უმასპინძლეს და მოულოდნელად, მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

„აპოელს“ ორი ქართველი ვერ დაეხმარა. მურთაზ დაუშვილი ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებული იყო, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილს მცირე ტრავმა აწუხებდა და ნიქოზიას გუნდში ითამაშა მხოლოდ გიორგი ქვილითაიამ, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ჩაატარა.

მან მე-17 წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ქვილითაიამ შეასრულა, მაგრამ „არისის“ მეკარე ვანა ალვეშმა ბურთი მოიგერია და ქართველმა თავდამსხმელმა ბოლოდროინდელი წარმატებული სერიის გაგრძელება და ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

თუმცა გიორგიმ მალე საკუთარი შეცდომა გამოასწორა – 25-ე წუთზე შეტევა ჩაშალა და „აპოელის“ იერიში წამოიწყო, რომელიც დემერსი ნდონგალამ ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა და მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ 86-ე წუთზე მარიუშ საპინსკი მასპინძელთა საჯარიმოში შევარდა, ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.