ქვილითაიამ ისევ გაიტანა - „აპოელი“ მეორეზე დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონატში 21-ე ტურის მატჩები გაიმართა. ნიქოზიის „აპოელმა“, სადაც სამი ქართველი თამაშობს, მეორეადგილოსან ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 1:0.
„აპოელი“ მეტოქეს სამი ქულით ჩამორჩება და მოგების შემთხვევაში დაეწეოდა, რამაც მატჩის დაძაბულობა განაპირობა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი ქვილითაია (76-ე წუთზე შეცვალეს) იყო, ხოლო მურთაზ დაუშვილი (65-ე წუთზე შევიდა) და თორნიკე ოქრიაშვილი (76) კი შეცვლაზე შევიდნენ.
მატჩის გმირი გიორგი ქვილითაია გახდა, რომელმაც პირველი ტაიმის დასაწყისშიც სცადა გატანა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. 45+1-ე წუთზე კი ქართველი თავდამსხმელი საჯარიმოში მცველმა მოცელა. ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ არბიტრმა აეკ-ის კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ქვილითაიამ უნაკლოდ გამოიყენა.
ამ დროს აეკ-ის მეკარე ლეალის რეპლიკის გამო ფეხბურთელებს შორის დაძაბულობა წარმოიშვა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გოლის გატანის შემდეგ ლეალს (რომელთანაც წაკამათება მანამდეც ჰქონდა) ანიშნა გაჩუმებულიყო. გიორგის 59-ე წუთზე დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი თავზე ვერ გადაუგდო.
საბოლოოდ, „აპოელმა“ 1:0 მოიგო და წაუგებელი თამაშების სერია 15-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ 13 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ (ჩემპიონატში და თასზე) „აპოელმა“ აეკ-ი პირველად დაამარცხა, ლარნაკას გუნდს ქულებით დაეწია (ორივეს 36-35 ქულა აქვს) და მეორე ადგილზე დაწინაურდა.
მეორე ადგილი კვიპროსის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას აძლევს, რადგან ახალი გათამაშებიდან კვიპროსს მთავარ ევროპულ საკლუბო ტურნირზე 2 გუნდი ეყოლება. ამავე დროს, „აპოელს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული („ანორთოსისთან“ მატჩი გადაიდო).
რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, მან ბოლო 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა, სულ კი 8 გოლი დაუგროვდა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ჩემპიონატის მეგოლეთა შორის კი ხუთეულში დაწინაურდა.