გიორგი ქვილითაიამ „ახნასს“ გაუტანა, მისი გოლი კი გადამწყვეტი გამოდგა და თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში ფამაგუსტელებმა აუტსაიდერს, „ახნას ეთნიკოსს“ უმასპინძლეს და 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი კი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გაიტანა. მან თავი მე-18 წუთზე პენალტით გამოიჩინა. გიორგის გატანა 31-ე და 45-ე წუთებზეც შეეძლო, მაგრამ ორჯერ ახლოდან ააცილა. 33-ე წუთზე პენალტი მასპინძელთა კარშიც დაინიშნა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და გუნდი გადარჩა.
გიორგი ქვილითაიასთან ერთად, „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი. ქვილითაიას ანგარიშზე უკვე 11 მატჩში 9 გოლია და ის ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა.
ფამაგუსტელები 18 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-4 ადგილზე არიან და საჩემპიონო ბრძოლაში კვლავ აქტიურად არიან ჩაბმულები.