ქვილითაიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა - ბოლოს ეს ავსტრიაში მოახერხა (ვიდეო)
ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, რაშიც დიდი როლი გიორგი ქვილითაიამ შეასრულა.
თემურ ქეცბაიას გუნდმა აუტსაიდერ „ენოსისს“ უმასპინძლა – ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშე იყო: გიორგი ლორია (შეუცვლელად ითამაშა), მურთაზ დაუშვილი (მე-19 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო) და გიორგი ქვილითაია (79-ე წუთზე შეცვალეს), ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
ქვილითაიამ ანგარიში მე-12 წუთზე პენალტით გახსნა. 53-ე წუთზე გიორგიმ მეორე პენალტიც გამოიყენა, რომელიც მისი წაქცევისთვის დაინიშნა. 73-ე წუთზე კი მეკარესთან დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ისევ ზუსტად გაისროლა.
საბოლოოდ, „ანორთოსისმა“ 4:2 მოიგო, 12 ტურის შემდეგ 26 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ქეცბაიას გაწვრთნილები სამი ქულით ასწრებენ „აპოლონს“, რომელსაც ორი მატჩი მარაგში აქვს.
აღსანიშნავია, რომ ქვილითაიამ ბოლოს ჰეთ-თრიქი 2018 წლის 17 მარტს, ავსტრიაში, ვენის „რაპიდში“ თამაშის დროს „ვოლფსბერგერთან“ შეასრულა, სადაც ამჟამად ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე თამაშობენ. ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში გამართულ რვა შეხვედრაში სულ ექვსი გოლი გაიტანა და ბომბარდირს, „აპოლონის“ თავდამსხმელ ნიკოლა დიგიუნს ახლა მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.