ქვილითაიამ გაიტანა - ბერიაშვილი „ფერენცვაროშთან“ მატჩის მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონატში გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა და „აპოელს“ „დოქსას“ დამარცხებაში (5:0) დაეხმარა. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი აუტსაიდერთან მატჩში უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა.
„აპოელში“ არ უთამაშია ლაშა დვალს, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, მაგრამ ჯერ ფორმაში შედის. გიორგი ქვილითაია კი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა, 90+4-ე წუთზე ეფექტურად (მაკრატელათი) გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ მოგებით „აპოელმა“ 29 ქულა დააგროვა და ქულებით გაუთანაბრდა „პათოსს“, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზეა. ქვილითაიამ კი მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში კი გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ბრატისლავას „სლოვანმა“ „რუჟომბეროკს“ უმასპინძლა და მოულოდნელად ქულები დაკარგა -2:2. კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, კაშია კი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა.
„მეზოკოვეშდის“ შემადგენლობაში ილია ბერიაშვილმა გამორჩეული თამაში ჩაატარა უნგრეთის ფეხბურთის ბოლო წლების ლიდერ „ფერენცვაროშთან“ და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 0:0. საქართველოს ახალაგზრდული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება (7,6 ქულა) დაიმსახურა.