ქვილითაიამ ესპანეთში დუბლი შეასრულა
„გენტმა“ მოსამზადებელ ეტაპზე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და გაიმარჯვა, რაშიც გიორგი ქვილითაიამ დიდი როლი ითამაშა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავი დუბლით გამოიჩინა.
 
ტორუპის გაწვრთნილებმა ჯერ ესპანეთის საკურორტო ქალაქ ოლივაში ივარჯიშეს და საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს. „გენტის“ მეტოქე გერმანიის ლიგა 3-ის მეორეადგილოსანი „ინგოლშტადტი“ იყო.
თავიდან გერმანელები დაწინაურდნენ, 35-ე წუთზე კი ანგარიში „გენტის” თავდამსხმელმა ლორენ დეპუატრემ გაათანაბრა, 47-ე წუთზე კი გიორგი ქვილითაიამ ბელგიელები დააწინაურა. მართალია, „ინგოლშტადტმა” წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა, მაგრამ ქვილითაიამ მეტოქის კარი მეორედ საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე (87) აიღო და გუნდს მოაგებინა – 3:2.