ქვილითაიამ ჩემპიონთან დუბლი შეასრულა და ბომბარდირებში გალიდერდა - ქართველმა წარმატება უკრაინის დროშით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT
23:20, 25.02.2022
გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ ნიქოზიას „ომონიასთან“ დუბლი შეასრულა, გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა და წარმატება უკრაინის მხარდაჭერით აღნიშნა.
„აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ ქვილითაიამ ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრების წევრები, მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადში არ იყვნენ. პირველი დისკვალიფიცირებული გახლდათ, ხოლო ოქრიაშვილი – ტრავმირებული.
„ომონიასთან“ პრინციპულ შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა. გიორგი სათადარიგოთა სკამისკენ გაიქცა, გოლი თანაგუნდელებთან ერთად უკრაინის დროშით აღნიშნა და ამით მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხისადმი.
მეორე ტაიმში „აპოელმა“ უპირატესობა გაზარდა – 48-ე წუთზე ჩემპიონს ტომას დე ვისენტიმ გაუტანმა, ხოლო ქვილითაიამ 55-ე წუთზე „ომონიას“ კარში დანიშნული პენალტი თავიდან ვერ გამოიყენა. ბურთი მეკარე ფაბიანომ მოიგერია, მაგრამ VAR-ზე გადამოწმებისას გამოჩნდა, რომ ბრაზილიელ მეკარეს ხაზზე ფეხი არ დაუდგამს – პენალტი ხელახლა შესრულდა. ამჯერად ქვილითაიამ საჯარიმო დარტმა ეფექტურად გამოიყენა და დუბლი შეასრულა.
მე-60 წუთზე მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს – „აპოელს“ მიქს დისკერუდმა გაუტანა. 7 წუთში სტუმართა სამბურთიანი უპირატესობა ლუკასმა აღადგინა, თუმცა ანდრონიკოს კაკულსიმა მე-80 წუთზე „აპოელს“ მეორეც გაუტანა და საბოლოოდ, „აპოელმა“ პრინციპულ მეტოქეს 2:4 სძლია.
22 ტურის შემდეგ „აპოელმა“ 39 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა. რაც შეეხება ქვილითაიას, მან 10 გოლი დააგროვა, „დოქსას“ თავდამსხმელ ბერატ სადიკს დაეწია და მასთან ერთად ბომბარდირთა დავაში გალიდერდა.