ქვილითაიამ „ანორთოსისი“ წაგებას გადაარჩინა - ქართველი ჩემპიონატის ბომბარდირებშია (ვიდეო)
კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტური ქართველების „ანორთოსისთვის“ წარმატებული ვერ გამოდგა. თემურ ქეცბაიას გუნდი გასვლაზე „ერმესს“ ესტუმრა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.
ფამაგუსტელებისთვის ამ შეხვედრის მოგება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლიდერს, „აპოლონს“ ქულებით გაუთანაბრდებოდა. ფამაგუსტელტა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლორია და გიორგი ქვილითაია, მურთაზ დაუშვილი დისკვალიფიცირებული გახლდათ, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ჯერ კიდევ მკურნალობს.
მატჩი თემურ ქეცბაიას გუნდისთვის ცუდად დაიწყო – მე-18 წუთზე მასპინძელთა კარში გატანილი გოლი არ ჩათვალეს, მერე კი რამდენიმე კარგი მომენტით ვერ ისარგებლეს. მასპინძლებმა კი 39-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. მეორე ნახევარში ქვილითაია ძალიან აქტიური იყო და 79-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრა.
14 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 27 ქულა დააგროვა და კვიპროსის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა, ხოლო ქვილითაია შვიდ მატჩში გატანილი შვიდი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე იმყოფება.