ქვილითაია ტრავმირებულია - ქართველ თავდამსხმელს ერთი თვე გაუცდება #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია, რომელიც თემურ ქეცბაიას „ანორთოსისთან“ ბოლო ტურის შეხვედრაში დაშავდა და მოედანი იძულებით დატოვა, მძიმედ არის ტრავმირებული – ინფორმაციას კვიპროსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
„როგორც ჩანს, „აპოელის“ მრავალ პრობლემას, კიდევ ერთი დაემატა – გასულ შაბათს „ანტონის პაპადოპულოს არენაზე“ „ანორთოსისთან“ მატჩის დროს მოედანი ნაადრევად დატოვა დაზიანებულმა გიორგი ქვილითაიამ. დადგინდა, რომ მოტეხილობა აქვს და თამაშისგან მინიმუმ ერთი თვით დაისვენებს“, – წერს გამოცემა „სპორტტაიმი“.
გამოცემის შეფასებით, გუნდი ვიცეკაპიტნის დაკარგვა გუნდისთვის მძიმე დანაკარგია:
„ნიქოზიას „აპოელმა“ სეზონის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში გუნდის მთავარი თავდამსხმელი და პირველი ბომბარდირი დაკარგა, ახლა მთავარი მწვრთნელი სოფრონის ავგუსტისი მთელ იმედს ხორვატ თავდამსხმელ ანტონ მაგლიცზე ამყარებს“.
Goal.com.cy-ის ცნობით, მომხდარს „აპოელში“ ძალიან განიცდიან:
„გიორგი ქვილითაიას გამო „აპოელი“ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. მატჩში დაშავებულ ფეხბურთელზე სოფრონის ავგუსტისმა აღნიშნა, ქართველი თავდამსხმელი გუნდს დიდი ხანი ვერ დაეხმარება. მწვრთნელმა უნდა იპოვოს გამოსავალი შეტევაში, რადგან ქვილითაიას არყოფნა „აპოელს“ პრობლემებს შეუქმნის“.
შეგახსენებთ, რომ „აპოელის“ კიდევ ერთი ქართველი მოთამაშეა ტრავმირებული – ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი, ასევე თომას დე ვინსენტი, რაც გუნდისთვის დიდი დარტყმაა.