ქვილითაია საქართველოში დაბრუნდა - გამოცდილი მეკარე ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ქვილითაია საქართველოში დაბრუნდა - გამოცდილი მეკარე ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

გამოცდილი ფეხბურთელი მაქსიმე ქვილითაია საქართველოში დაბრუნდა. 35 წლის მეკარე წყალტუბოს „სამგურალში“ ითამაშებს – ინფორმაციას წყალტუბოელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ახალწვეულთან „სამგურალის“ სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ კონტრაქტი გააფორმა. ქვილითაიას სიმბოლურად კლუბის მაისური გადასცეს – მაქსიმე ახალ კლუბში ორი წლით ითამაშებს.

„მიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ლიგაში დავბრუნდი. ვფიქრობ, „სამგურალი“ საინტერესო და ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება. გუნდისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ და გულშემატკივრებთან ერთად ბევრ გამარჯვებებს ვიზეიმებთ“, – ამბობს მაქსიმე ქვილითაია.

2019 წელს მაქსიმე ქვილითაია ირანში წავიდა და სუპერლიგის „შაჰინ ბუშირში“ თამაშობდა. გასულ სეზონზე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, თუმცა წლეულს, ირანში კორონავირუსის პანდემიის „აფეთქების“ გამო, სამშობლოში დაბრუნება მოუხდა და 1 სექტემბრიდან უგუნდოდ გახლდათ.

ირანში გამგზავრებამდე, ქვილითაია 9 სეზონის განმავლობაში ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა – გახდა საქართველოს ჩემპიონი და ორ-ორჯერ დაეუფლა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასსა და საქართველოს სუპერთასს. იყო ტყიბულის „მეშახტეს“, ცხინვალის „სპარტაკის“, თბილისის „ლოკომოტივის“, „ზუგდიდის“, საჩხერის „ჩიხურასა“ და ცხინვალის „ლიახვის“ წევრი. ამავე დროს, რამდენჯერმე საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზეც მიიწვიეს.