ქუთაისში 2017 წლის ქალაქის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წლის მთავარი სპორტული ღონისძიება ტრადიციულად წინასაახალწლოდ იმართება, სადაც ასახელებენ საუკეთესო სპორტსმენთა ათეულს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ გუნდებს, მწვრთვნელებსა და სპორტსმენებს აჯილდოვებენ.
სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც ქუთაისის ვიცე-მერი გიორგი იობაშვილი ხელმძღვანელობდა, წლის სპორტსმენად ძალოსანი შოთა მიშველაძე აღიარა, რომელმაც ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
განსაკუთრებულად გამოარჩიეს საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” – გუნდის კაპიტანი, როინ კვასხვაძე წლის წარმატებულ ქუთაისელ სპორტსმენად დაასახელეს, ხოლო “ტორპედო” – წლის გუნდად. სპეციალური პრიზი “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელს, კახა ჩხეტიანს ვიცემერმა, გიორგი იობაშვილმა გადასცა.