ქუთაისში სტადიონის განახლება სურთ - „ტორპედო“ დროებით სხვა ქალაქში ითამაშებს
ქუთაისში სტადიონის განახლება სურთ - „ტორპედო“ დროებით სხვა ქალაქში ითამაშებს

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის განახლება 2019 წელს იგეგმება და ამის შემდეგ არენა უეფას მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს – ეს ინფორმაცია პირველ არხს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსმა, უეფას მედია ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ დაუდასტურა.

„სფფ-ს პრეზიდენტის დავალებით, საქართველოში თითქმის ყველა სტადიონი მოვიარე. განსაკუთრებით საყურადღებო ქუთაისის სტადიონია. რეალურად შესაძლებელია, „რამაზ შენგელია“ ისეთ დონემდე მივიდეს, რომ “ტორპედომ” არათუ საქართველოს, არამედ უეფას მატჩებიც ქუთაისში ითამაშოს. ლევან კობიაშვილმა ქუთათურებს სიტყვა მისცა – მოედანს მთლიანად ფეხბურთის ფედერაცია გამოცვლის და ქუთაისს საქართველში საუკეთესო მოედანი ექნება. სტადიონის განახლების გეგმები ქალაქის მერს და ვიცე-მერებს შევთავაზე და ძალიან მოეწონათ. ახალი წლის მერე არქიტექტურულ სამსახურებთან მისი შეთანხმება დაიწყება. თუ ტენდერი სწრაფად ჩატარდა, ამ სამუშაოების წელსვე ჩატარება სავსებით შესაძლებელია და ქუთაისს უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონი ექნება, სადაც “ტორპედო” არათუ ფლეი-ოფებს, არამედ ჩემპიონთა ლიგის თამაშებსაც ჩაატარებს“, – ამბობს კვარაცხელია.

სად ითამაშებს რეკონსტრუქციის დაწყების შემთხვევაში ქუთაისის “ტორპედო”, ჯერ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. პირველი და ყველაზე მთავარი ვარიანტი წყალტუბოს სტადიონია, რომელიც შარშან ფეხბურთის ფედერაციისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალებით განაახლეს. მოედანი დაგებულია და 500 ადგილზე გათვლილი ტრიბუნებია მზადაა. მალე მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება და ტრიბუნების ტევადობა გაიზრდება. არის სხვა ვარიანტები, მაგრამ ცხადია, ქუთაისელებისთვის ყველაზე მისაღები წყალტუბოს სტადიონზე თამაშია.