ქუთაისში მილანიდან მასიმილიანო ფერარი ჩამოვიდა - ის საფეხბურთო აკადემიას დაეხმარება #1TVSPORT
ქუთაისში მილანიდან მასიმილიანო ფერარი ჩამოვიდა - ის საფეხბურთო აკადემიას დაეხმარება #1TVSPORT

ქუთაისს იტალიელი საფეხბურთო სპეციალისტი მასიმილიანო ფერარი ესტუმრა, რომელმაც ხელშეკრულება „ტორპედოს“ მფლობელ „ნიუ ვიჟენთან“ გააფორმა, – ინფორმაციას ქუთაისის „ტორპედოს“ ვებგვერდი ავრცელებს.

„ფერარი კონსულტაციას, როგორც ქუთაისურ კლუბს, ასევე „ნიუ ვიჟენის“ ახალგაზრდულ გუნდებს გაუწევს და ამასთან, წვლილს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ფუნქციურად გამართვაშიც შეიტანს. მისი საქართველოში ჩამოყვანა „ინტერის“ აკადემიისა და „ტორპედოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ანა წერეთლის ძალისხმევით განხორციელდა“, – წერია კლუბის განცახდებაში.

მასიმილიანო ფერარი წლების განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „მილანის“ აკადემიის მწვრთნელი იყო. 2019 წელს სწორედ ის ხელმძღვანელობდა ბათუმში გამართულ „მილანის“ ახალგაზრდულ ბანაკს, რომლის ორგანიზატორიც ანა წერეთელი გახლდათ.

დღესვე იტალიელი სტუმარი ქუთაისის „ტორპედოს“ გენერალურ დირექტორს, გიორგი მჭედლიძეს შეხვდა, მასთან ერთად არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ახალგაზრდული კლუბის საწვრთნელ პროცესსაც დაესწრო.