ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) იმერეთის აკადემიამ დაიწყო ფუნქციონირება, – ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობის მიხედვით, აკადემიაში 2009 და 2010 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ემზადება, რომელიც იმერეთში სელექციის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ფეხბურთელები აკადემიაში სრულიად უფასოდ 2 წლის განმავლობაში იცხოვრებენ და ისწავლიან. საფეხბურთო განათლებასთან ერთად, აკადემიის აღსაზრდელები ადგილზე შეისწავლიან ქართულს, ისტორიას, ინგლისურსა და მათემატიკას. ამავდროულად, რეგიონში სელექციის პროცესი გაგრძელდება.
ქუთაისის ტექნიკურ ცენტრის პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამის, FORWARD-ისა და უეფა-ს HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდება. მშენებლობა 2023 წელს დასრულდა და ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანია მოწყობილი. აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, მოეწყო გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახები.
აკადემიაში პირველ საწვრთნელ პროცესს დაესწრნენ სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და რეგიონული და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი, ასევე იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.