ქუთაისში ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ამერიკული ფეხბურთის ქუთაისის კლუბის წარმომადგენლები ეროვნულ ჩემპიონატს პროტესტს უცხადებენ. „ლომების“ წევრები დღეს ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას რეაგირება სთხოვეს. მათ საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია ფინანსების არასწორად განკარგვაში დაადანაშაულეს.
კლუბის პრეზიდენტი, ჯემალ ვასაძე ფედერაციის მიერ ფინანსების არამიზნობრივად დახარჯვაზე საუბრობს –
„წელს მესამედ უნდა ჩატარებულიყო ჩემპიონატი, თუმცა ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ მონაწილეობაზე განვაცხადოთ უარი. ფედერაცია არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს. თანხა ნაწილდება სხვა გუნდებზე, მაგალითად წელს შეძენილი აღჭურვილობა განაწილდა რუსთავის ორ გუნდზე.“
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება და მხოლოდ თბილისის და რუსთავის გუნდებზე კეთდება აქცენტი.