ქუთაისში ახალწვეულები წარადგინეს - „ტორპედო“ სეზონის განახლებას ელის #1TVSPORT
ლევან გეგეჭკორი, მერაბ გიგაური და პედრო მონტეირო ის სამეულია, ვისთანაც ქუთაისის „ტორპედომ“ ზაფხულში კონტრაქტები გააფორმა და გუნდის ხელმძღვანელობამ დღეს კლუბის ბაზაზე წარადგინა.
მოთამაშეები გულშემატკივრებს „ტორპედოს“ ხელმძღვანელებმა, სპორტულმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი მჭედლიძე წარუდგინეს.
ახალწვეულებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გაძლიერების იმედს უკავშირებს. ლევან გეგეჭკორი და მერაბ გიგაური „ტორპედოში“ სამი წლის წინ, გუნდის არსებობის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდში გამოდიოდნენ.
ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის უცნობი მხოლოდ პედრო მონტეიროა – გამოცდილი პორტუგალიელი ცენტრალური მცველია, რომელიც პორტუგალიაში „გრაგას“ ფორმით თასის მფლობელი გახდა, ხოლო შემდეგ კვიპროსში ლიმასოლის „აპოლონის“ ფორმით.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნისას ქუთაისურ კლუბში „საბურთალოდან“ დააბრუნეს ფლანგის შემტევი ნოდარ ქავთარაძე, ხოლო „სამტრედიიდან“ მარჯვენა მცველი გიგი მჭედლიშვილი დაიმატეს.
ქუთაისის „ტორპედო“ სეზონს 7 აგვისტოს, საქართველოს თასის 1/16-ფინალში „ვიტ ჯორჯია 2“-თან მატჩით განაახლებს, ხოლო ეროვნულ ლიგას 15 აგვისტოს, „საბურთალოსთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს.