თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც სუპერლიგის რეგულარული სეზონის ორი საუკეთესო გუნდი ხვდებოდა – „ქუთაისი“ და „კაკტუსი“.
მატჩი დაძაბული გამოვიდა და ლიდერი რვაჯერ შეიცვალა. თუმცა, უფრო ხშირად წინ „ქუთაისი“ იყო და ერთხელ მისი უპირატესობა 12 ქულამდეც კი ავიდა. მიუხედავად ამისა, ფინალს დაძაბული დასასრული ჰქონდა. სირენამდე 44 წამით ადრე, „კაკტუსმა“ ანგარიში გაათანაბრა – 65:65. ქუთაისელებმა საპასუხო იერიშისას ვერ ჩააგდეს, მაგრამ აკაკი დვალიშვილმა შეტევაში მოხსნა ბურთი და მასზე დაჯარიმდნენ. „ქუთაისის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მხოლოდ ერთი საჯარიმო ჩააგდო და „კაკტუსს“ შანსი დაუტოვა, მაგრამ 6 წამით ადრე, დავით ლომიძის ტყორცნა არაზუსტი იყო.
საბოლოოდ, „ქუთაისმა“ 67:65 მოიგო და ზედიზედ მეორედ და ჯამში მესამედ დაეუფლა საქართველოს თასს.
ქუთაისი-კაკტუსი 67:65 (19:21, 21:10, 13:11, 14:23)
ქუთაისი: ლი (19), რაიტი (15), დვალიშვილი (13+10 მოხსნა), ბაქრაძე (6), წივწივაძე (4), ბექაური (4-+10 მოხსნა), ლომოური (3), მათიაშვილი (3).
კაკტუსი: ჯონსონი (18), ტურძელაძე (14+12 მოხსნა), პარქსი (11+6 მოხსნა), გოგალაძე (6), ლომიძე (5), მიჩელი (5), ბოისა (4), ლოლიშვილი (2).