საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფში ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო. სერიის პირველი მატჩი გამართეს რეგულარულის ჩემპიონმა „ქუთაისმა“ და მეოთხეადგილოსანმა „რუსთავმა“.
ქუთაისში გამართული შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ მატჩში ლიდერი 10-ჯერ შეიცვალა და ცხრაჯერ იყო ანგარიში თანაბარი, ერთი გუნდის მაქსიმალური უპირატესობა კი მხოლოდ შვიდ ქულას შეადგენდა.
სამი მეოთხედის შემდეგ, „ქუთაისი“ ერთი ქულით ლიდერობდა, მაგრამ ბოლო 10-წუთეული „რუსთავმა“ გაცილებით უკეთ ჩაატარა და საბოლოოდ, 81:75 (16:17, 20:20, 14:14, 31:24) მოიგო, რითაც 1:0 დაწინაურდა ხუთმატჩიან სერიაში.
„რუსთავის“ რიგებში ორი კალათბურთელი იყო გამორჩეული: ადამ ბლეიზეკი, რომელმაც 29 ქულა, შვიდი პასი და შვიდი ჩაჭრა მიითვალა და ტაირელ ნელსონი – 21 ქულა, ექვსი მოხსნა და ოთხი პასი.
„ქუთაისს“ ტრავმის გამო აკლდა თავისი ლიდერი ჯონათან ლი. მის არყოფნაში 23 ქულით საუკეთესო გახლდათ დეჟუან რაიტი. 17 ქულა და ცხრა მოხსნა იყო აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე.
ეს სერია დღეს ისევ ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგრძელდება. მატჩი 18:30 საათზე დაიწყება.
მანამდე კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 16:00 საათზეა დანიშნული „დინამოსა“ და „მგზავრების“ ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი.