ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და სიახლეებზე ილაპარაკეს.
ცნობილი გახდა, რომ ახალ სეზონში გუნდის ახალი გენერალური სპონსორი ეყოლება – ერთ-ერთი ქართული ტოტალიზატორი და ეს თანამშრომლობა მინიმუმ ერთი წელი გაგრძელდება.
ქუთაისელი ფეხბურთელები 2018 წლიდან “ადიდასის” ფორმას მოირგებს: საშინაოდ – შავი ფერის მაისურებს, გასვლაზე – თეთრს, მესამე ფერი კი ყვითელი იქნება.
ამას გარდა, გუნდს ახალი ლოგო ექნება, უახლოეს 2-3 თვეში კი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე “ტორპედოს” საკლუბო მაღაზია გაიხსნება, სადაც კლუბის ატრიბუტიკა გაიყიდება.
გუნდის მეპატრონემ, ზაალ ჩაჩავამ “ტორპედოს” საფეხბურთო აკადემიის მშენებლობასა და პოტენციურ ახალწვეულებზეც ილაპარაკა.
“აკადემიის მშენებლობა მალე დაიწყება და 2018 წლის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება დაკომპლექტებას, სამი ახალწვეული გვყავს, ახალი სეზონის დაწყებამდე კი ლეგიონერებიც დაგვემატებიან და გუნდს გააძლიერებენ”