ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - იმედია, ჩვენს მხარდასაჭერად ბევრი გულშემატკივარი მოვა
ყაზახურ „ორდაბასთან“ (რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის) ქუთაისის „ტორპედომ“ შიმქენტში მინიმალური ანგარიშით წააგო (1:0) და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი აქვს.
განმეორებით მატჩამდე, რომელიც 18 ივლისს თბილისში გაიმართება, ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენცია „ტორპედოს“ ნახევარმცველ მათე ცინცაძესთან ერთად ჩაატარა.
„პირველი მატჩი გავაანალიზეთ და მეტოქესთან სათამაშოდ სტრატეგიაც შევიმუშავეთ. იმედია, ყველაფერი ისე გამოვა, როგორც დავგეგმეთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ. თუმცა, ძალიან კარგი მეტოქე გვყავს. „ორდაბასი“ კარგად დაბალანსებული გუნდია, რომელიც კონტრშეტევებზე კარგად გადადის და დაცვაში გუნდურად თამაშობს. ეს ყაზახეთის ჩემპიონატშიც ჩანს – გუნდმა ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა. ეს კახა ცხადაძის დამსახურებაა. ჩვენი შეხვედრის შემდეგ მას წარმატებებს ვუსურვებ. ბოლოს მინდა გულშემატკივარს მივმართო: ყველა ის წარმატება, რომელსაც კლუბმა დღემდე მიაღწია, თქვენი დამსახურებაა! იმედია, ხვალ ძალიან ბევრი ქართველი მოვა ჩვენს მხარდასაჭერად, რაც „ტორპედოს“ ძალიან გვჭირდება“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.
მათე ცინცაძის თქმით, მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
„ყაზახეთიდან ჩამოსვლისთანავე, ყოველდღე ვარჯიშები გვაქვს და მატჩისთვის აქტიურად ვემზადებით. შევისწავლეთ მეტოქის თამაში და დიდი მოლოდინებით ვართ. მაქსიმუმს გავიღებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. საბრძოლო განწყობა გვაქს და მზად ვართ, მოედანზე დომინირება ხელთ ვიგდოთ. ერთი სული გვაქვს, მატჩი როდის დაიწყება“,- განაცხადა ცინცაძემ.
„ტორპედოსა“ და „ორდაბასის“ შეხვედრა 18 ივლისს, „მიხეილ მესხზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.