ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – კახა ჩხეტიანის გაშვების შემდეგ გუნდს გია ცეცაძე უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
47 წლის სპეციალისტს, ქართულ საფეხბურთო წრეებში განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. გია ცეცაძე, ასისტენტისა და მთავარი მწვრთნელის რანგში, წლების მანძილზე მუშაობდა უმაღლესი ლიგის გუნდებში. წვრთნიდა გორის „დილას“, „ლოკომოტივს“, „საბურთალოს“.
„სამტრედიასთან“ ერთადაც 2016-17 წლის საფეხბურთო სეზონში, ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული დაისაკუთრა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ცეცაძემ ასევე იმუშავა უკრაინის უმაღლეს ლიგაში, სადაც „ლვოვის“ სათავეში ყოფნისას, გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 8 შეხვედრა ჩაატარა.
გია ცეცაძეს სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, არაერთი წელი აქვს ნამუშევარი ასაკობრივ ნაკრებებთან. იყო 16, 17, 19 და 21-წლამდე გუნდების თავკაცი. სანაკრებო დონეზე მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, 8-გუნდიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. ეროვნული ნაკრების სათავეში კი გია ცეცაძე ასისტენტობას კახა ცხადაძეს უწევდა.
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში მისი დებიუტი, 21 ნოემბერს „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე „ტორპედოსა“ და „სამტრედიის“ დაპირისპირებისას შედგება.