ქუთაისის „ტორპედოს“ ფანკლუბი - დავალიანების გამო, გუნდს კრისტალბეთ ლიგიდან გაგდება ელის
ქუთაისის „ტორპედოს” ეროვნული ლიგიდან მოკვეთა ელის, – ეს ინფორმაცია გუნდის ფანკლუბმა „ჩვენ ვართ ტორპედომ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„თუ 31 აგვისტომდე „ტორპედოში“ დავალიანება არ გასწორდება, კლუბს ექვს ქულას დააკლებენ და ამის შემდეგ ზაზა ჩაჩავას (კლუბის მეპატრონე) დავალიანების გასასტუმრებლად უკანასკნელ ვადად დამატებით ორ კვირას მისცემენ და თუ დავალიანება ამ პერიოდშიც არ გასწორდება, „ტორპედოს“ ეროვნული ლიგიდან ოფიციალურად გააგდებენ. ეს თუ მოხდა, ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება. ბევრი რამ გადავყლაპეთ, უამრავი ტყუილი მოვისმინეთ, დაგვეშალა გუნდი, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და იმათაც ორი თვეა თეთრი არ აუღიათ“, – წერია ფანკლუბის მიმართავში.
ქუთაისელი გულშემატკივრებმა „ტორპედოს“ მეპატრონეს, ზაზა ჩაჩავას ულტიმატუმი წაუყენეს, მერიას კი მასთან კონტრაქტის გაწყვეტა მოსთხოვეს.
„ეს არაა მარტო ერთი ადამიანის სიტყვები – ეს მთელი ქალაქის სიტყვებია! ოთხი დღე დაგრჩათ ყველას. თუ გუნდს არ უშველით, ლიგის თამაშებზე ისეთ ბანერებს გამოვფენთ, უეფა-დან ჯარიმა ჯარიმაზე მოგივათ! ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, დასაკარგი აღარაფერი გვაქვს“,- აცხადებენ გულშემატკივრები.