ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა განცხადება გაავრცელა - ასეთი გუნდის შეძენა სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას ემსახურება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ გაიყიდა, გუნდის ახალი მფლობელი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტია“, რომლის რექტორიც დავით კერესელიძეა. „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ აუქციონზე ბიჯი შეიტანა და ქუთაისის „ტორპედო“ 577 017 ლარად შეისყიდა. ამას გარდა, საკუთარ თავზე გუნდის დავალიანების გასტუმრებაც აიღო.
ამასთან დაკავშირებით „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ „ფეისბუქის“ გვერდზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ გასასხვისებლად გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. უნივერსიტეტს საქართველოში სპორტის ხელშეწყობის მიზნით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. იგი ავითარებს საკუთარ სპორტულ კლუბს, საფეხბურთო ბაზასა და სხვა სპორტული სახეობების ხელშეწყობისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას. უნივერსიტეტი პარალიმპიურ კომიტეტთან ერთად ხელს უწყობს საქართველოში პარასპორტის განვითარებას“, – წერია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ განცხადებაში.
ამავე დროს, გუნდში შესვლის მიზნებზეა ლაპარაკი:
„ქუთაისის „ტორპედოს“ შეძენა მიზნად ისახავს როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობას. საუნივერსიტეტო და ქუთაისის „ტორპედოს“ საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას ემსახურება“.