„ქუთაისის „ტორპედო“ გადარჩა“, – ეს განცხადება საფეხბურთო კლუბის ახალმა მფლობელმა ფაბიო მანინომ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე გააკეთეს.
მათი თქმით, იტალიელ ინვესტორთან მოლაპარაკებები ხანგრძლივი და რთული იყო, თუმცა „ტორპედოს“ სასარგებლოდ დასრულდა. გუნდის ახალი პრეზიდენტის, ფაბიო მანინოს თქმით, ახალი მეპატრონე დაფარავს იმ დავალიანებებს, რომელიც კლუბს ფეხბურთელებისა და ბანკის მიმართ აქვს.
„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ის ტრადიციები, რაც ამ გუნდს აქვს“, – აღნიშნა კლუბის ახალმა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, მისმა კომპანიამ უკვე განახორციელა გუნდში მილიონ შვიდასი ათასი ლარის ინვესტიცია და ეს დასაწყისია. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წელია, რაც ქუთაისის „ტორპედო“ ახალ ინვესტორს ეძებს. კლუბი ფინანსური კრიზისის მიზეზით თითქმის ყველა ფეხბურთელმა დატოვა.