ქუთაისის „ტორპედომ“ უკრაინელ ლეგიონერს უპასუხა - ეს გაურკვევლობაა, რომელიც მცირე დროში აუცილებლად მოგვარდება
საქართველოს პირველმა არხმა ქუთაისის „ტორპედოს“ კომენტარი სთხოვა გუნდის მოთამაშის, ვიქტორ პონომარის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვასთან დაკავშირებით, სადაც უკრაინელი ლეგიონერი კუთნილ ხელფასს ითხოვდა.
„კლუბს, როგორც ყველა ფეხბურთელთან, ასევე ვიტალი პონომართანაც ჰქონდა მოლაპარაკებები და პირადი შეთანხმებები ხელფასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა უკვე აიღო თანხა და ვიტალიც აუცილებლად მიიღებს მის კუთვნილ ხელფასს. მას უშუალოდ ამ საკითხზე საუბარი ,,ტორპედო“ ქუთაისის პრეზიდენტ ფაბიო მანინოსთანაც ჰქონდა.
პროცესის გაჭიანურება სხვა რიგმა ხარვეზებმა გამოიწვია, რაზეც მას სრული ინფორმაცია აქვს. აღნიშნული პრობლემა გაურკვევლობაა, რომელიც აუცილებლად მცირე დროში მოგვარდება. სამწუხარო ფაქტია, როდესაც კლუბს და ფეხბურთელს ასე საჯაროდ უწევს პრობლემაზე საუბარი, მაგრამ გვინდა დავამშვიდოთ ყველა, „ტორპედო“ ქუთაისში სრული ერთიანობაა. გუნდი ორიენტირებულია ეროვნული ლიგის უახლოესი ტურის მატჩზე“, – წერია ქუთაისური კლუბის პასუხში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშემ, ვიქტორ პონომარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა მიმართვა, სადაც გუნდის მეპატრონის მიმართ არსებული მოთხოვნები გააჟღერა და დავალიანების დაფარვა მოითხოვა.