ქუთაისის „ტორპედომ“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამი ლეგიონერი დაიმატა – ინფორმაციას „ტორპედოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელია ეკონგოლო ნკუმბა, რომელმაც კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 19 წლის შემტევი კამერუნის საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ეკონგოლო ქუთაისის „ტორპედომ“ სინჯებზე მიიწვია, სადაც თავი გამოიჩინა და, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მასთან პროფესიული კონტრაქტი გაფორმდა.
გუნდის ღირსებას დაიცავს ფილიპ კლიაიჩიც – 32 წლის სერბი მეკარე, რომელსაც კარიერის ძირითადი ნაწილი სერბეთის უმაღლეს დივიზიონში აქვს გატარებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო კლუბში, „ნოვი პაზარში“ იგი გუნდის კაპიტანი გახლდათ. ერთი მატჩი აქვს ჩატარებული სერბეთის ეროვნულ ნაკრებში. კლიაიჩი სერბეთის ორგზის ჩემპიონი და ოთხგზის თასის მფლობელია. ფილიპსა და კლუბს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
„ტორპედოს“ კიდევ ერთი ახალწვეული რაჰმატ აკბარია – მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის ინიციატივით, 23 წლის ნახევარმცველი გუნდს უკვე შეუერთდა და საწვრთნელ პროცესშიც აქტიურად ჩაერთო. ფეხბურთელს ავსტრალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ამჟამად ის ავღანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია. კარიერის განმავლობაში გამოდიოდა ავსტრალიურ კლუბებში, სადაც ბოლოს „ბრისბეინ როარის“ ღირსებას იცავდა. რაჰმატსა და კლუბს შორის წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გაფორმდა.