ქუთაისის „ტორპედომ“ ოფიციალურად წარადგინა ახალწვეულები – გიორგი ფანცულაია, ანრი ჭიჭინაძე და ნიკოლა ნინკოვიჩი.
გიორგი ფანცულაია „ტორპედოს“ გულშემატკივრის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. 29 წლის თავდამსხმელი გუნდის ღირსებას 2012-2014 და 2020 წლებში იცავდა.
ფანცულაიას ბოლო კლუბი ყაზახური „კასპიი“ გახლდათ, სადაც ჯაბა ჯიღაურთან ერთად გამოდიოდა. 2023 წლის სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ანრი ჭიჭინაძე 25 წლის ცენტრალური მცველია, რომელმაც კარიერა „ტორპედოში“ დაიწყო. სხვადასხვა დროს ნათამაშები აქვს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. აღსანიშნავია, რომ მას „ტორპედოსთან“ ერთად როგორც ეროვნული ჩემპიონატი, ასევე საქართველოს თასი აქვს მოგებული.
ნიკოლა ნინკოვიჩი 28 წლის სერბი შემტევი ნახევარმცველია. კარიერის განმავლობაში მას მრავალი ქვეყნის უმაღლეს ლიგაში უთამაშია, მათ შორის იტალიის სერია A-ში. იქ მან 18 მატჩი (ორი გოლი, ერთი საგოლე გადაცემა) ჩაატარა. ნინკოვიჩს ჩემპიონთა ლიგაზე 15 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო ევროპალიგაზე – 16-ში. ასევე გამოდიოდა იტალიის სერია B-ში, სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ჩემპიონატებში.
„ტორპედოს“ ინფორმაციით, სამივე მოთამაშესთან კლუბმა 1.5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.