ქუთაისის „ტორპედომ“ მამადუ სახოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ მამადუ სახოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ მამადუ სახოსთან ხელშეკრულება შეათანხმა. ეს საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია – ინფორმაციას ქართული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„„პარი სენ-ჟერმენის“, „ლივერპულის“, „კრისტალ პალასისა“ და „მონპელიეს“ შემდეგ მამადუ სახოს კარიერაში მორიგი კლუბი ქუთაისის „ტორპედოა“. 34 წლის ფეხბურთელი თბილისში 12 ივნისს ჩამოვა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 13 ივნისს, 15:00 საათზე „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ დაგეგმილია ხელშეკრულების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია.

სახოსა და „ტორპედოს“ ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 2 თვეს გაგრძელდა და მხარეებმა მისი ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს. ფეხბურთელი ქუთაისის „ტორპედოს“ არა მხოლოდ ტიტულების მოგებაში დაეხმარება, არამედ იგი ერთგვარი ელჩი იქნება საერთაშორისო საფეხბურთო თანამეგობრობასთან.

მამადუ სახო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს როგორც კლუბის ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში, ასევე მრავალმხრივ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო აქტივობებში. იგი კლუბის მენეჯერ სტივ კინთან ერთად ჩაერთვება „ტორპედოს“ აკადემიის განვითარებაში, იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტორი და მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების გარანტი“, – წერია ქუთაისური კლუბის განცხადებაში.