ქუთაისის „ტორპედომ“ მამადუ სახო გულშემატკივრების წინაშე წარადგინა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ გუნდის ახალწვეული მამადუ სახო „რამაზ შენგელია არენაზე“ გულშემატკივრებს წარუდგინა – საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მცველს მოედანზე ქუთაისური კლუბის კაპიტანი მერაბ გაგაური დახვდა. „ტორპედოს“ ფორმაში გამოწყობილი სახო გულშემატკივრებს მიესალმა, ბურთი აკენწლა და მაყურებლებში ისროლა, შემდეგ ავტოგრაფები დაარიგა და ქომაგებთან ფოტოები გადაიღო.
ამ ტრანსფერის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ მოთამაშეთა ჯამური ფასით საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებულ გუნდებს შორის მესამე ადგილზე დაწინაურდა. „ტრანსფერმარკტზე“ სახოს სატრანსფერო ფასი 800 ათასი ევროა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, „ლივერპულში“ ასპარეზობისას, ფრანგი ფეხბურთელი 13 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.
ქუთაისური კლუბის ახალწვეული 17 წლის ასაკში პსჟ-ის კაპიტანი გახდა, საფრანგეთში ყველა ტიტული მოიგო და 23 წლისა „ლივერპულში“ გადავიდა. მის კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა 2016 წელს მომხდარმა დოპინგსკანდალმა – შედეგად, სახომ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა, მაგრამ შემდეგ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს უჩივლა და სასამართლო პროცესი მოუგო.
2017 წელს „კრისტალ პალასში“ გადავიდა, ოთხი წლის შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნდა და ორწელიწად-ნახევარი „მონპელიეში“ გაატარა. 2023 წლის ნოემბერში კი კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.