ქუთაისის „ტორპედომ“ კონტრაქტი კიდევ ორ მოთამაშესთან გაახანგრძლივა
ქუთაისის „ტორპედომ“ კონტრაქტი კიდევ ორ მოთამაშესთან გაახანგრძლივა

სეზონის დასრულების შემდეგ, ქუთაისის „ტორპედომ“ ხელშეკრულების გახანგრძლივება კიდევ ორ წამყვან მოთამაშეს შესთავაზა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2017 წლის ჩემპიონ გუნდში დარჩენა 28 წლის შემტევმა ლევან კუტალიამ და 24 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა გადაწყვიტეს.

ორივე მათგანმა ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა – ინფორმაცია პირველ არხთან თავად ფეხბურთელებმა დაადასტურეს.

„ძველი ხელშეკრულება „ტორპედოსთან“ ივლისში მიმთავრდებოდა, ახალი კი 2018 წლის ბოლომდე გავაფორმე, თანაც – უკეთესი პირობებით. გამიხარდა, კლუბმა ახალი და უკეთესი პირობები თავად რომ შემომთავაზა. ეს ნდობა აუცილებლად უნდა გავამართლო“ – განაცხადა ლევან კუტალიამ.

მერაბ გიგაური იმედოვნებს, რომ ევროსარბიელზე „ტორპედო“ საქართველოს არ შეარცხვენს.

„ახალი კონტრაქტი რომ შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია და დავთანხმდი. ერთსულოვან გუნდში დარჩენა, რომელიც ჩემპიონი გახდა, სასიამოვნოცაა და საამაყოც. ბოლო ორი წელია, საქართველო ევროთასებზე ძალიან ცუდად გამოდის. მაგრამ იმედია, „ტორპედო“ ახალი სეზონიდან გაძლიერდება და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1-2 ეტაპს გადავლახავთ. ეს რთული იქნება, მაგრამ ადრე თუ გვიან, წარუმატებელი პერიოდი უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მერაბ გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, „ტორპედომ“ კონტრაქტები ასევე ერთი წლით გაახანგრძლივა გიორგი ქიმაძესთან, თორნიკე კაპანაძესა და ლაშა კუჭუხიძესთან.