ქუთაისის „ტორპედომ“ ისევ მოიგო და ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო ტურში „თელავი“ 1:0 დაამარცხა და გათამაშების ლიდერს მიუახლოვდა.
სტივ კინის გუნდმა თამაში დამაჯერებლად დაიწყო და ანგარიში მე-7 წუთზე ბიორნ იონსენის აქტიურობით გახსნა. ნორვეგიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი „თელავის“ მცველმა საკუთარ საჯარიმოში წააქცია, პენალტი კი თავად იონსენმა უნაკლოდ შეასრულა.
84-ე წუთზე კახური გუნდის მცველმა, ლადო ოდიშვილმა გოლი გაიტანა, თუმცა მთავარმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
საბოლოოდ, „ტორპედომ“ 35 ქულა დააგროვა და ლიდერ გორის „დილას“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო „თელავმა“ (17) საგაზაფხულო ეტაპი ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზე დაასრულა.
ბიორნ იონსენმა მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.